რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და ოლიმპიური კატეგორიის რეფერის, თემურ ყაზარაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია სპორტსმენის 60 წლის იუბილეზე გაიმართა. ყაზარაშვილის სპორტულ მიღწევებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 1983 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 1994 წელს კი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იგი იყო არა ერთი ჩემპიონატის და მსოფლიო უნივერსიადის პრიზიორი.
გარდა ამისა, წელს ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, თემურ ყაზარაშვილის სახელობის რიგით XXIV ღია ტურნირი ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტურნირის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ტურნირს ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს.
ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.