ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა

2019-12-07 12:55:49

ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა საპატიმროში 8 დღე გაატარა.

წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებებით ვერ შეაშინებენ, რადგან მისთვის უკანასკნელი დაკავება რიგით მე-12 იყო.

"ის, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებაში, არ ჩაუდენია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. მან დაკავებები დაიწყო ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, მათ შორის, ჩემი დაკავებაც. მინდა ვუთხრა ამ ლობიოს დიქტატორს, რომ ეს ვერავის შეაშინებს. შეუძლია დაჭერით შეაშინოს თალაკვაძე, წულუკიანი, კობახიძე და სხვა საკუთარი მონები. ბრძოლას გავაგრძელებ გაორმაგებული ძალისხმევით, დაკავებები ჩემთვის ახალი არ არის, ეს არის მე-12 დაკავბა, მე-12 პოლიტიკური პატიმრობა. უკან არასდროს დამიხევია და აუცილებლად ვპირდები ივანიშვილს, რომ ის უფრო მძიმედ დაამთავრებს, ვიდრე დაამთავრეს წინამორბედმა ხელისუფლებებმა", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა.

"ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს აუცილებლად ექნება პასუხისგებაში მიცემის წინ, საკუთარ მონებთან ერთად", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ლაშა ჩხარტიშვილს ბრალი 2 მუხლის მიხედვით წარედგინა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გამართლდა, 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) კი სამართალდამრღვევად ცნეს.