ჩხარტიშვილს ლობიანები შეუგზავნეს [photo]

2019-12-04 17:09:25

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, მიხეილ ქუმსიშვილმა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლაშა ჩხარტიშვილს ცხელი ლობიანები შეუგზავნა. ქუმსიშვილმა, მისივე თქმით, ამ ჟესტით ლობიოს ჰაერში სროლის გამო თანაპარტიელის დაკავება გააპროტესტა.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი, რის გასაჩივრებასაც დაცვის მხარე სტრასბურგში გეგმავს.

"მოვინახულე ლაშა და გადმოგვცა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ბევრად უსწრებს სააკაშვილის რეჟიმს. ფაქტიურად ადვოკატის გარეშე განიხილა სასამართლომ მისი საქმე. არც სასამართლომ და არც პოლიციამ არ მოგვცა საშუალება, რომ გვენახა ერთმანეთი და შევჯერებულიყავით პოზიციებზე. ამასთან, საერთოდ არ დაუშვა და არ განიხილა ჩვენი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ. ლაშა თვლის, რომ არის პოლიტიკური დევნის განსაკუთრებული ობიექტი, ასევე მოუწოდებს ყველას, ვინც თავს მონებად არ თვლის, იბრძოლონ და არ დანებდნენ პოლიციურ რეჟიმს, იბრძოლონ სამართლიანი არჩევნებისა და სასამართლოსთვის. იგი გეგმავს, როდესაც გამოვა ამ დაწესებულებიდან, მოაწყოს პერფორმანსი და გააკეთოს განსაკუთრებული განცადებაც. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის არ დაშვებას, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგში", - აცხადებს ია სირანაშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 7 დეკემბერს გასდის, სავარაუდოდ, ის საპატიმროს სწორედ ამ დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ლაშა ჩხარტიშვილს ბრალი 2 მუხლის მიხედვით წარედგინა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გამართლდა, 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაა) კი სამართალდამრღვევად ცნეს.