კომპანია "ინტერტრანსს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 4 თვით გაუგრძელდა - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. [ვიდეო/video]
"ჩვენ მივიღეთ, გადაწყვეტილება, რომ არა ერთი წლით, არამედ 4 თვით გაგვეგრძელებინა, ვალდებულებების შესასრულებლად ვადა. იქნებ "ინტერტრანსმა" ერთხელ და სამუდამოდ ამოწუროს ის პრობლემები, რა პრობლემაც დგას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას, საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ვადაში კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რომელიც მოიცავს, კომპანიის კუთვნილებაში არსებული მიკროავტობუსების გაყვითლებას, მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდას და ელექტრონული გადახდის აპარატების დამონტაჟებას და მოწესრიგებას.
"თქვენ იცით, რომ აგვისტოში მოხდა ტარიფის ზრდა, ამასთან დაკავშირებით მოხდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. მერიამ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა და გაამკაცრა სხვა ურთიერთობებიც, როგორიცაა მაგალითად მანქანების რაოდენობის გაზრდა, ასევე ავტოპარკის განახლება, რაც შეინიშნება, რომ დადებითი ტენდენციებით მიდის. არალოგიკურები ვიქნებით, რომ გამოსწორებაზე ვადა არ მივცეთ, რადგან ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა აგვიტოს თვეში და დეკემბერში, რომ შევუჩეროთ ხელშეკრულება არ ვიქნებით მართლები", - განაცხადა გურამ კვარაცხეიამ.
კომპანია "ინტერტრანსის" დირექტორის მოადგილემ, თენგო სანიკიძემ განაცხადა, რომ: -"მე მოვისმინე საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი, მაგრამ ის არ აკონკრეტებს თუ რა დარღვევები აქვს "ინტერტრანსს". საჭიროა საკრებულოს გადაწყვეტილების კარგად მოძებნა, ნახვა და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერთან ერთად დავსახავთ ღონისძიებებს, რას გულისხმობს დარღვევები. და იქიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დარღვევები აღმოიფხვრას"
იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნულ ვადებში, კომპანია არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელშეკრულება შეუწყდება.