სეზონური გრიპის ვირუსის გართულების მაღალი რისკის ქვეშ ორსულები არიან. ზამთრის მოახლოვებასთან ერთად კი ეს საკითი განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
რამდენად საშიშია სეზონური გრიპი ორსულთათვის, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს გრიპით ინფიცირებამ ამ დროს, პრევენციის რა გზებს უნდა მიმართონ ორსულებმა, შეიძლება თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ორსულობისას და რამდენად უსაფრთხოა იგი - ამ თემებზე საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" კლინიკა რუსთავის მეან გინეკოლოგი, "ქალთა კონსულტაციის" განყოფილების ხელმძღვანელი, ბელა კეთილაძე საუბრობს.
ქალბატონო ბელა, რამდენად საშიშია სეზონური გრიპი ორსულთათვის და რა გართულებებია მოსალოდნელი მათთვის გრიპით ავადობის შემთხვევაში?
სეზონური გრიპი ორსულობის მიმდინარეობისას განსაკუთრებით საშიშია. ასეთ დროს დიდია საფრთხე ნაყოფის, კერძოდ კი, სანაყოფე წყლების დაზიანების. ყველაზე საშიშია ორსულობის საწყისი ეტაპი, ამიტომ, ასეთ დროს ორსულებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. გრიპი იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა სპონტანური აბორტი, ნაყოფის განვითარების ანომალიები, ნერვული ღეროს დაავადება და გულის მანკები, დიდ ვადებზე კი გრიპს შეუძლია ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ორსულმა გრიპის პირველი სიმპტომისთანავე უნდა მიმართოს ექიმს.
კონკრეტულად რა სიმპტომებზეა საუბარი და რა დროს არ უნდა გადადოს ორსულმა სპეციალისტთან ვიზიტი?
არ არსებობს ორსულისთვის უმნიშვნელო სიმპტომი. თითქოს უმნიშვნელო ხველისას, უმნიშვნელო სურდოს დროს, ორსული მაშინვე უნდა მივიდეს ექიმთან. რაც უფრო გვიან მივა სპეციალისტთან, მისი მკურნალობა უფრო რთული გახდება. სურდო, ყელის ტკივილი და ხველა როგორც კი დაეწყება ორსულს, ეს პირველადი სიმპტომები როგორც კი გამოუვლინდება, ესე იგი იწყება ვირუსული მდგომარეობა. ტემპერატურა შესაძლოა პირველ ეტაპზე არც გამოვლინდეს, ამიტომაც ამ სიმპტომს არ უნდა დაელოდოს ორსული. მინდა გითხრათ, რომ მომართვიანობა უკვე გაიზარდა ამ კუთხით.
რა რეკომენდაციებს მისცემდით ორსულებს, რა ზომებს უნდა მიმართონ, რომ დაიცვან თავი გრიპის ვირუსისგან?
პრევენციისათვის, პირველ რიგში, ორსულებს არ ვურჩევთ კონტაქტს გრიპით დაინფიცირებულ პაციენტებთან. ვინაიდან, ვერ ავარიდებთ თავს ოჯახის წევრებთან კონტაქტს, პაციენტისთვის #1 რჩეევაა, აუცილებლად ატაროს ნიღაბი, რომლის შეცვლაც საათში ან მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს. ასევე რეკომენდაციები იქნება ხელების ხშირად დაბანა, სახის სისტემატიური ჩამობანვა და ოთახის ხშირი ვენტილაცია. გარდა ამისა, ორსულებს ვურჩევ, რეგულარულად გაწმინდონ ზედაპირი, რომელსაც ხშირად ეხებიან, მაგალითად, როგორიცაა კარის სახელური ან მათი მობილური ტელეფონი. გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცები ცემინებისა და ხველისას, პირის ღრუსა და ცხვირის დასაფარად, ეს ხელსახოცი კი გადააგდონ რაც შეიძლება მალე. ამასთან, ორსულობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება. პატარ-პატარა ულუფებით და დღეში რამდენჯერმე, დაახლოებით 4-5-ჯერ საკვების მიღება. ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის 80% ჯანსაღ კვებაზეა დამოკიდებული.
შეიძლება თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ორსულობისას?
გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებულია როგორც ორსულობის დაგეგმვისას, ისე ორსულობის პერიოდშიც. შეიძლება ითქვას, აუცილებელიც კი არის, ოღონდ უნდა გაკეთდეს ჯანმრთელ ორგანიზმზე, ადამიანზე, რომელიც არ არის გრიპოზულ მდგომარეობაში. ორსულებს უვითარდებათ სუსტი იმუნიტეტი და აქვთ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობის რისკი, სწორედ ამიტომაა სასურველი ამ კონტიგენტისთვის ვაქცინაციის ჩატარება. ამ პერიოდში ჩატარებული ვაქცინა იცავს როგორც დედას ვირუსული დაავადებებისაგან, ისე პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს ჩაუტარდეს ვაქცინაცია ორსულებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. რისკჯგუფში კი მოაზრებიან ის პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლ-ძარღვთა პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის პრობლემები, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.