რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობა-ნაგებობა და მიწა, რომელზეც აღნიშნული შენობა-ნაგებობაა განთავსებული, სხვისდება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე გაჟღერდა, რომ ტერიტორიის გასხვისება აუქციონის წესითაა დაგეგმილი და მისი საწყისი ფასი 451 000 ლარი იქნება. მიწისა და შენობა-ნაგებობის შეძენის სანაცვლოდ კი მყიდველმა 453 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და გარკვეული სახის ვალდებულებებიც შეასრულოს. კერძოდ, ინვესტორმა 1 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს ორ სართულიანი შენობა-ნაგებობა და კეთილმოაწყოს იმ მიზნით, რომ აღნიშნულ შენობაში შემდგომში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა იფუნქციონიროს. რაც შეეხება უშუალოდ იმ ტერიტორიას, რომელიც სხვისდება, ამ ტერიტორიაზე ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა ააშენოს.
ჯერჯერობით ზუსტი ვადები, თუ როდის გამოცხადდება აუქციონი, ცნობილი არაა.