როგორ უნდა ამოვიცნოთ სეზონური გრიპი და განვასხვავოთ იგი ვირუსული ინფექციისგან, ავადობის რა ეტაპზე უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს, ვინ არიან გრიპით ინფიცირების რიკსჯგუფში, რა შემთხვევაშია რეკომენდირებული ვაქცინაციის ჩატარება - ამ თემებზე "ინფო რუსთავთან" კლინიკა რუსთავის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ჯონი სამხარაძე საუბრობს.
ბატონო ჯონი, რა სიმპტომები მიგვანიშნებს სეზონური გრიპით ავადობაზე და რა არის მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ვირუსულ ინფექციასთან მიმართებაში?
გრიპის ვირუსს ახასიათებს აუცილებლად მაღალი ტემპერატურა, მაღალი ჰექტიური ცხელება და თავის ტკივილი. ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რაც არ ახასიათებს ჩვეულებრივ ბანალურ გაციებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. ამ ყველაფერს თან შეიძლება ახლდეს ძლიერი ინტოქსიკაციაც, ღებინება, მუცლის ტკივილი და ასევე ფაღარათი. ესაა პირველადი ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა გვქონდეს გრიპის ვირუსი. გარდა ამისა, გრიპის ვირუსს ჩვეულებრივი გაციებისგან გამოვარჩევთ დინამიკით. ჩვეულებრივი გაციების შემთხვევაში სამ დღეში ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, გრიპის ვირუსის მიმდინარეობა კი, ბევრად ხანგრძლივია.
რა ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა თუ ბავშვს აღნიშნული სიმპტომები გამოუვლინდა?
ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაკითხონ ოჯახის ექიმს, თუ არ ჰყავთ პირადი ექიმი, აუცილებლად სტაციონარში უნდა მიაკითხონ პედიატრს, რომელიც ზოგადი მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტს, რას საჭიროებს პაციენტი, ბინაზე მეთვალყურეობას თუ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენას. გრიპის ვირუსის დროს თუ ვიყენებთ სიმპტომური მკურნალობის მეთოდს, უფრო მეტი რისკი ჩნდება გართულებების, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ გადაგვეზარდოს ფილტვის ანთებაში, არ გაგვეპაროს იგივე ნეიროინფექცია და ა.შ.
რა იგულისხმება სიმპტომურ მკურნალობაში?
იგულისხმება სიმპტომური და არა რადიკალური მკურნალობა, როგორიც არის ანტიბიოტიკური თერაპია. რადიკალური მკურნალობის მეთოდი ერთვება იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. სიმპტომურ მკურნალობაში ითვლება სიცხის დაწევა დამწევი პრეპარატების საშუალებით, სითხეებით მკურნალობა, ტკივილგამაყუჩებლის მიღება, ინგალაცია. ეს შეიძლება მოხდეს სახლის პირობებში, თუმცა ძლიერი ინტოქსიკაციასთან როცა გვაქვს საქმე, მაშინ აუცილებელია პაციენტმა მიმართოს სტაციონარს.
უწევთ თუ არა რეკომენდაციას ვაქცინაციას და რა ეტაპზეა სასურველი აცრის ჩატარება?
უნდა განისაზღვროს რა კონტიგენტს აუცილებლად სჭირდება და რა კონტიგენტისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას ვაქცინაცია. მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა აიცრან. მათ მიდრეკილება აქვთ ხშირი გართულებებისკენ და აცრა არის პრევენციის საუკეთესო საშუალება. გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან:
ასაკოვანი ადამიანები (65 წლის და ზემოთ)
მცირეწლოვანი ბავშვები
ფილტვების ან გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია
ჯანმრთელი ორსული ქალები, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევრიდან.