"კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს" [photo]

2019-11-23 17:59:15

რუსთავში, ახალგაზრდა პოეტის, ოთო გურგენიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას, ინიციატივის ავტორმა, ამირან ჯანჯღავამ განაცხადა, რუსთავის ერთ-ერთ უსახელო ქუჩისთვის პოეტის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება, საკრებულომ, რამდენიმე თვის წინ მიიღო.

"დღევანდელ ეპოქაში, სადაც სიყვარულის, მზრუნველობის დეფიციტია, სადაც ადამიანებს, უფრო მეტად აგრესიის, ზიზღის ენა გვამოძრავებს, შევახსენოთ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთზე მზრუნველობა. ოთარ გურგენიშვილი, ჩემთვის არის "ვეხისტყაოსნის" გმირის ერთ-ერთი პროტოტიპი, რამდენადაც მან თავისი სიცოცხლე მოყვასის, თავისი მოქალაქის და ქვეყნის შვილის სიცოცხლეს ანაცვალა. ზუსტად ეს არის ქართველობა", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.

ადგილზე იმყოფებოდა, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წამომადგენლები.

"გიორგობა მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, ღმერთმა სიკეთე, სიყვარული და ჯანმრთელობა არ მოაკლოთ. ჩვენი გმირობის ტოლფასმა ახალგაზრდამ, ოთო გურგენიშვილმა, რომელმაც თავისი სიცოცხლის მანძილზე შექმნა ძალიან დიდი ისტორია, ისტროია რომელიც დასაფასებელია და საამაყოა ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"საკრებულომ დააყენა ინიციატივა, რომ რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებოდა ოთო გურგენიშვილის სახელი. ეს არის სამოქალაქო გმირი, რომელმაც თავის საქციელით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და თუ საჭირო გახდა სიცოცხლეც გაწირონ. ვფიქრობ, რომ იმსახურებს ეს ახალგაზრდა, იმას, რომ რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ერქვას", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთო გურგენიშვილი, 21 წლის ასაკში რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა მას დაეჯახა.