საქართველოში უდაბნოების მტვრის მასები შემოიჭრა

2019-11-22 22:11:57

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

22 ნოემბერიდან საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება აღარ შეინიშნება, რის შედეგად მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაციები მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ დროისთვის ნორმის ფარგლებში ფიქსირდება.

20 და 21 ნოემბერს გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა, რომელთა მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით და ქვეყნის ჩრდილოეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრებით იყო განპირობებული.

20 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ბათუმში - 1.5-ჯერ, თბილისში ვაშლიჯვარში და ქუთაისში - 1.3-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 2.1-ჯერ და ვარკეთილში - 1.4-ჯერ, რუსთავში - 3.1-ჯერ, ხოლო 21 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში - 1.3-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.8-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, რუსთავში - 3.1-ჯერ და ბათუმში - 1.5-ჯერ.