სანქციები ცხოველთა მეპატრონეებს

2019-11-22 21:29:13

რუსთავში, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევის შემთხვევაში, მეპატრონეები დაჯარიმდებიან - ამის შესახებ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ქალაქის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, მფლობელები 20 ლარით, ხოლო, წლის განმავლობაში, განმეორების შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან.

"რუსთავის მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს ძაღლებისა და კატების მოვლა პატრონობის პოპულაციის წესი. ამ დადგენილების გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი მესაკუთრე დაჯარიმდება. დღეს შემოტანილი საკითხი მიზნად ისახავდა განისაზღვროს ის უფლებამოსილი სამსახური, რომელსაც დაევალება სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება", - განაცხადა რუსთავის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ.