პოლიციამ 6 პირი დააკავა

2019-11-22 16:36:34

სუს - თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა ბუხრაძის ინფორმაციით, სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული "გაბედეს" 6 აქტივისტი საპატრული პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

როგორც კახა ბუხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მისივე განმარტებით, აქტივისტები ცდილობდნენ სუს-ის შესასვლელების ბლოკირება მოეხდინათ, ასევე აპირებდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას.