ოპოზიცია დეპუტატის ოფისის დაბოქლომებას ცდილობდა [video]

2019-11-22 11:20:34

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრები, დილიდან მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროს დაბოქლომებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. [ვიდეო/video]

ადგილზე "ქართული ოცნების" მახარდამჭერები იმყოფებოდნენ და მობილიზებული იყო ათობით სამართალდამცველი.

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავჯდომარის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ არ დააბოქლომებენ პაატა მხეიძის ბიუროს.

"სირცხვილია უბრალოდ, შეუძლებელია ასე ქვეყნის მართვა. დაიღლებიან ეს პოლიციელებიც და მაინც დავაბოქლომებთ. ეს არის სიმბოლური აქტი. როდესაც ხელისუფლება არღვევს პირობას, პირობა იყო პროპორციული არჩევნები. ასეთ ქვეყანას არავინ სერიოზულად აღარ უყურებს, ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს. პაატა მხეიძემ თავისი ლურსმანი ჩაარჭო, ჩვენი ქვეყნის უმომავლობას, ამიტომ მის ოფისს მაინც დავაბოქლომებთ",- განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რომელმაც ოპოზიციის ამ ქმედებას, მის მიმართ განხორციელებული ბულინგი უწოდა. დეპუტატმა, "ევროპული საქართველოს წევრებს, დიალოგი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს რუსთავია და არ შეიძლება აქ ასეთი დაპირისპირება. შევთავაზე ქალბატონ ნინოს შემოსულიყო ოფისში, გვესაუბრა ცივილიზებულად. როგორც საუბრობენ ერთმანეთთან ნორმალური ადამიანები. ამაზე რა თქმა უნდა უარი განაცხადა მათ აქვთ კამერებთან დაყენებული მანერები, დატრენინგებულები არიან რომ როგორმე დიდი აჟიოტაჟი შექმნან. ძალლიან წელში გამართული ვარ და არანაირად არ ვგრძნობ თავს დამცირებულად იმის გამო რომ მე ხმა არ მივეცი პროპორციულ არჩევნებს", - განაცხადა პაატა მხეიძემ.