ჩუქნიან თუ არა რუსთავში მიწებს [video]

2019-11-21 00:44:27

"ინფო რუსთავს" მე-19 მიკრორაიონის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოსახლეობა მიწის ნაკვეთების გაზომვასა და შემოღობვას ახორციელებდა. ადგილზე მისულმა საინფორმაციო სააგენტოს გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რომ რუსთაველების ნაწილმა გარკვეული ინფორმაცია მიიღო და შემდგომში დაკანონების მიზნით, მიწის ნაკვეთების შემოსაზღვრა გადაწყვიტა. [ვიდეო/video]

ადგილზე მყოფ ათეულობით ადამიანს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე ნაკვეთის შემოსაზღვრის შემთხვევაში, მერია მათ მიწას საკუთრებაში გადასცემდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ მიწებს საბურავებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მეშვეობით ზომავდნენ, "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ მედია საშუალებაში გაჟღერდა.

"დაგვირეგისტრირდება, ჩვენც გაგვიხარდება და ღმერთმა ისინიც გაახაროს, არ დაგვირეგისტრირდება და დაჭერით ვერავინ დამიჭერს, იმიტომ, რომ არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ძაფს ვაბამ", "ჭორის დონეზე ვიცით, 20-20ზე მოხაზეთ და გაგიფორმებთო, ჩემთვის არარეალურია, მაგრამ მაინც მოვედი, რომ იყოს რეალური, მერე?", - აცხადებენ ისინი "ინფო რუსთავთან" საუბარში.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტომ გადაწყვიტა რუსთავის მერიას დაჰკავშირებოდა. აღმოჩნდა, რომ მერიაში, მე-19 მიკრორაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ.

მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ანთაურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მოსახლეობას ცრუ ინფორმაცია აქვს და ისინი მიწის უკანონოდ შემოღობვას ახორციელებენ, რაც კანონით ისჯება.