მამუკა ჩიქოვანი: გიორგი ბეგაძე respect

2019-11-20 11:30:49

"გიორგი ბეგაძე respect", - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა დეპუტატ გიორგი ბეგაძის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ.

როგორც ჩიქოვანმა "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში განაცხადა, გიორგი ბეგაძის გადაწყვეტილება მისთვის მისასალმებელია.

"ბეგაძის პოზიციას გავეცანი სოციალურ ქსელში და მხოლოდდამხოლოდ მისასალამებელია. მე ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია დაიკავა ამ შემთხვევაში გიორგი ბეგაძემ", - აღნიშნა მამუკა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ასევე გადაცემაში შეაფასა პარლამენტში რუსთავის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის გადაწყვეტილებაც და თქვა, რომ ის, რაც მხეიძემ გააკეთა, იყო ბიძინა ივანიშვილის უსიტყვო მორჩილების გამოვლინება.

"რაც შეეხება მეორე მხარეს, პაატა მხეიძეს, ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა, უსიტყვო  მორჩილება ბიძინა ივანიშვილის. ივანიშვილის, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ხალხის, ქვეყნის და ქვეყნის უბედურების ხარჯზე. მონურ შემსრულებლად გვევლინება, სამწუხაროდ, ჩემი მეორე კოლეგა პაატა მხეიძე. ნუ დამაჯერებთ იმაში, რომ პაატა მხეიძე წავიდოდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის არის ივანიშვილის ცუდი სურვილების შემსრულებელი. მე მას აუცილებლად პირადადაც ვეტყვი, რომ, რაც მან ჩაიდინა, ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

"ინფო რუსთავმა" გადაცემა Free Live-ში მონაწილეობის მიღება შესთავაზა პაატა მხეიძესაც და გიორგი ბეგაძესაც, თუმცა მხეიძემ განგვიცხადა, რომ დღე უკვე დაგეგმა და გადაცემაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა, ხოლო გიორგი ბეგაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი. შეგახსენებთ, ბეგაძე სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ სხდომას, სადაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის კანონპროექტს განიხილავდნენ. მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცვლილებების ვერ დამტკიცების გამო, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

რაც შეეხება პაატა მხეიძეს, მხეიძემ საკონსტიტუციო ცვილელბებს, კერძოდ კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.