რუსთაველების აქცია თბილისში

2019-11-15 15:41:46

„გვახრჩობს ქარხნების გამონაბოლქვი“ , "ეკოლოგია უალტერნატივოა" - ამ ლოზუნგებით რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გააპროტესტეს.

სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" აქტივისტების თქმით, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ისინი მთავარ პასუხისმგებლობას ქარხნებს აკისრებენ და ფილტრების დაყენებას მოითხოვენ. გარემოს დაცვის სამინისტროს კი პრობლემებით დაინტერესებას ურჩევენ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს შეხვდნენ. როგორც სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ მუსერიძემ ინფო რუსთავს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. რუსთაველმა აქტივისტებმა მინისტრის მოადგილესთან იმ პროექტზე ისაუბრეს რომლის განხორციელებასაც აპირებენ. საუბარია ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომელიც რუსთავში ეკოლოგიური გარემოს შეცვლის.

"საინფორმაციო სახის შეხვედრა იყო. გავაცანით მინისტრის მოადგილეს ჩვენი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. აინტერესებთ როგორი მოწყობილობები შევიძინეთ, რომელიც ქალაქში ჰაერის 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

ჩვენ ასევე დიდი ხანია ვსაუბრობთ სმარტ ტექნოლოგიებზეც, რომლის მეშვეობითაც უკეთესად გავაკონტროლებთ საწარმოაებიდან გამონაბოლქვს. სწორედ ამის შესახებ გვექნება პრეზენტაცია 20 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროში. პრეზენტაციის შემდეგ ვფიქრობ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დაველოდებით პასუხს რა შედეგებზე გაგვიყვანს ეს ყველაფერი.

გარემოს დაცვას სჭირდება დახმარება და ჩვენ მზად ვართ რომ ეს გავაკეთოთ იმიტომ რომ რუსთავში შეიცვალოს ეკოლოგიური გარემო.  სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს არანაირ შეხვედრას და კომუნიკაციას -", განაცხადა ნიკოლოზ მუსერიძემ ინფო რუსთავთან.