რაში დაიხარჯება მომდევნო წელს 7 287 434 ლარი

2019-11-16 17:36:11

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა 2020 წელს პრიორიტეტული რუსთავში? - ამ კითხვას პასუხი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გაეცა.

როგორც საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეგიონალური განვითარების ფონდი 2020 წელს რუსთავში განსახორციელებელი პროექტებისთვის პირველ ეტაპზე  7 287 434 ლარს გამოყოფს, თუმცა არსებობს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თანხის ოდენობა  გაიზარდოს.

სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები წარადგინეს და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რიგითობის მიხედვით დაალაგეს.

2020 წელს აუცილებლად განსახორციელებელ პროექტთა სიაში მოხვდა კოსტავას გამზირიდან მეტალურგიულ ქარხანამდე მისასვლელი გზის საფარის რეაბილიტაცია, ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა, ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერისა და რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელის რეაბილიტაცია, მარცხენა სანაპიროს შიდა კვარტალური გზების, ეზოების საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრეს მოწყობა.

კოსტავას გამზირზე გზის საფარის რეაბილიტაციისთვის რეგ.ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 2 640 710 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ავტობუსების სადგომის მოწყობისთვის კი 1 105 111 ლარის. საუბარია ავტობუსებზე, რომლებმაც მგზავრთა გადაყვანა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უნდა უზრუნველყონ. ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობისთვის 2 287 140 ლარის დახარჯვა იგეგმება, ცენტრალური შემოსასვლელის რეაბილიტაციისთვის კი 909 548 ლარის. რაც შეეხება შიდა კვარტალურ გზებს, ამ მიმართულებით სამუშაოების განსახორციელებლად 1 417 176 ლარი დაიხარჯება.

როგორც ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების მომდევნო წელს განხორციელება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და ქალაქის განვითარებისათვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.


RUSTAVI