2 ლარი დეზინფექციისათვის

2019-11-13 00:43:25

უკვე რამდენიმე წელია რუსთავში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, დეზინფექციის მომსახურების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ისინი ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ მათ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად მივიდნენ და ამისთვის 2 ლარია გადასახდელი.

მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში მათ რუსთავის მერიის სამსახურის წარმომადგენლებად მიიჩნევს, სადეზინფექციო სამუშაოებს კი - ამ სტრუქტურის მიერ დაგეგმილ აუცილებელ ღონისძიებას და ყოყმანის გარეშე იხდის თანხას.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, პირები რომლებიც მოსახლეობას 2 ლარად სადარბაზოების დეზინფექციას სთავაზობენ კერძო კომპანიის წარმომადგენლები არიან და რუსთავის მერიასთან კავშირი არ აქვთ, ხოლო მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება ნებაყოფლობითია და არა - სავალდებულო.

რუსთაველები ამბობენ, რომ თანხას იხდიან, თუმცა სადარბაზოს დეზინფექციის ჩატარების არაფერი ეტყობა:

„თანხას რომ ვიხდით, გვეუბნებიან, რომ ნახევარი საათი სადარბაზოში არ უნდა გავიდეთ, რადგან არ შეიძლება ახალ შეწამლულზე გარეთ გასვლა, ჩვენც არ გავდივართ თუმცა,  სადარბაზოს დეზინფექციის ჩატარების არაფერი ეტყობა,-"აცხადებს ინფო რუსთავთან ნესტან მიქაძე. მისივე ინფორმაციით, 1 თვის განმავლობაში დეზინფექციისთვის 2- ჯერაც მისულან, თუმცა, მოსახლეობას აღმოუჩენია, რომ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მათი საქმიანობა, კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუ  მოქალაქეებს შეცდომაში არ შეიყვანენ და მერიის სახელით არ მოსთხოვენ ფულს. ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მერიისგან ასეთი სახის კერძო კომპანიებზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მერიაში არ მუშაობენ მოქალაქეები, რომლებიც სადარბაზოს დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს ართმევენ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მოქალაქეებმა რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის ნომრებზე უნდა დარეკონ, რომელიც 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75.