მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა რუსთავის მოსახლეობის ნაწილთან ღია შეხვედრები გამართეს.
მოსახლეობასთან დიალოგის ფარგლებში, ხელისუფლების წევრებმა რამდენიმე ლოკაციაზე ქალაქის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინეს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გარკვეული სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს.
როგორც შეხვედრებზე გაირკვა, რუსთავში, სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრებ ადამიანებს რამდენიმე ძირითადი პრობლემა აერთიანებთ, მათ შორისაა ეკოლოგიური პრობლემები, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის, საქალაქთაშორისო (რუსთავი-თბილისი) და შიდასაქალაქო ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხები.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პრალამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრები დღეს ჭყონდიდელის დასახლებაში, ნიკოლაძის, სპორტის, კლდიაშვილის ქუჩებსა და მე-12 მიკრორაიონში შედგა და ეტაპობრივად რუსთავის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.