ხანძარი რუსთავში [photo]

2019-11-09 15:16:53

ხანძარი იყო რუსთავში, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ფერდობზე არსებულ საბურავებსა და გამოუსადგეგარ ნივთებს გაუჩინეს.

ცეცხლის ჩაქრობა მაშველებმა დროულად მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. მათი ინფორმაციით, იმ პირის/პირების იდენტიფიცირება, ვინც, სავარაუდოდ, საბურავები დაწვა, ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების დაწვა მკაცრად კონტროლდება და ყველა დამრღვევი დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები.