აქციას რუსთაველებიც უერთდებიან

2019-11-08 15:21:59

ქართული მარშის რუსთავის ორანიზაციის წევრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან. მოძრაობის წევრები რუსთავიდან, კონკრეტულად კი შარტავას გამზირიდან 16:00 საათზე გავლენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება.

ორგანიზაციის ლიდერმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყველა კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავენ, თუმცა გამორიცხავენ ძალადობრივ დაპირისპირებას.

სანდრო ბრეგაძე საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, რომ ფილმის პრემიერა არ შედგება.

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20 საათზეა დაგეგმილი.

RUSTAVI