სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვეში რუსთავში საწარმოო პროცესი 9 ობიექტს შეუჩერა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში აცხადებენ, რომ საწარმოთა ინსპექტირების ფარგლებში ხორცის სარეალიზაოციო და სწრაფი კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ობიექტები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ და ფუნქციონირება მას შემდეგ აღადგინეს, რაც დარღვევები აღმოიფხვრა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში "ინფო რუსთავთან" საუბრისას, იმ ობიექტების იდენტიფიცირებას, რომლებშიც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქისრდა, არ ახდენენ და აცხადებენ, რომ კანონმდებლობა ამის საშაულებას არ იძლევა.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 371 ობიექტი შემოწმდა, მათგან 18-ს კი საწარმოო პროცესი შეუწყდა. აღნიშნული ობიექტების უმრავლესობამ ამ ეტაპზე ფუნქციონირება განაახლა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.