"გარკვეულ ხარვეზებს, რაც საკანონმდებლო აქტებს გააჩნია, ძალიან წარმატებულად იყენებს ყველა კომპანია", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. [ვიდეო/video]
შეხვედრას მერიაში "აიდელბერგცემენტ ჯორჯიას" "ჯეოფერომეტალის", "რუსელოისის", "ჯეოსტილის" და "ჯორჯიან ელოის გრუპის" ტექნიკური ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც ტაბაღუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მან საწარმოების წარმომადგენლებს სიტუაციის გამოსასწორებლად და რეალური თვითმონიტორინგის ჩასატარებლად გარკვეული ვადა მისცა.
"გარკვეულ ხარვეზებს, რაც საკანონმდებლო აქტებს გააჩნია, ძალიან წარმატებულად იყენებს ყველა კომპანია. მათ მიერ ჩატარებული თვითმონიტორინგის შედეგად, ჰაერის მასების დაბინძურება ანუ გამონაბოლქვი, ფაქტიურად ყველას ნორმაში აქვს, რაც აფსურდია. მათაც აღიარეს, რომ თვითმონიტორინგი არასრულფასოვნად ტარდება. მიეცათ იმის დრო, რომ ჩამოყალიბდნენ. არის საქართველოშიც აკრედიტირებული კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული თვითმონიტორინგი ჩაატარონ, იმ ხარისხით და სტანდართით, რაც სჭირდება რუსთავის გარემოს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ასევე, როგორც ტაბაღუამ განაცხადა, უკვე წელიწადნახევარია რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე საწარმოების ხელმძღვანელებთანაც, თუმცა, მისივე თქმით, ქმედითი ნაბიჯები ამ კუთხით არ გადადგმულა.
როგორც საწარმო "ჯეოსთილის" წარმომადგენელმა, საჯივ ბალაკრიშნამ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკას გარემოს დაცვის კუთხით მიესალმება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ "ჯეოსთილი" ერთადერთი საწარმოა რუსთავში და არა მხოლოდ რუსთავში, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ნორმებს იცავს და თანამედროვე ტექნოლოგიებით ფუნქციონირებს.
,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გარემოს დაცვის მენეჯერმა, გიორგი ჩალაძემ კი "ინფო რუსთავის" კითხვას, არის თუ არა მოსახლეობის პროტესტი საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადეკვატური, უპასუხა, რომ სრულიად ადეკვატურია.