"ტექნოგენური თაობის დასასრული" - "გავიგუდეთ" სამოქალაქო აქტივისტები, 3 ნოემბერს, რუსთავში, მერიის წინ, 16:00 საათზე, მშვიდობიან მანიფესტაციას გეგმავენ.
აქციის მიზანი, ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ რუსთაველების გაერთიანება და ინფორმირებაა.
"ჩვენი სიცოცხლე ძვირფასია და ის ერთია, რომელიც არ უნდა შევწიროთ იმ ძალადობას, რომელიც საწარმოების მხრიდან მოდის. საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი რუსთავშია. არსებული გაფრქვევები მაღალი რისკის შემცველი და მაპროვოცირებელია მრავალი მძიმე დაავადების. როგორიც არის: ნაადრევი სიკვდილი, ასთმა, ლეიკემია, პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, იმუნური სისტემის დაქვეითება, კიბო და ა.შ.
განსაკუთრებით მძიმე გარემოა ბავშვებისთვის. ყველაზე კრიტიკული ზღვარი 0-14 წლამდე. 14 წლამდე ბავშვებში მომატებულია აგრესია, ძალადობა და მიდრეკილება სუიციდისკენ, რისი პირდაპირი გამომწვევიც არის PM (მტვის მყარი ნაწილაკები) რომლის დასაშვები ნორმა 15-45 მკგ/მ3_მდეა, ხოლო ის ჩვენს ქალაქში 121 მკგ/მ3, რაც ნორმას 4_ჯერ აღემატება" - წერია "გავიგუდეთ" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.