მოძრაობამ "გავიგუდეთ" სპეციალური სენსორი შეიძინა [photo]

2019-10-26 14:35:15

მოძრაობამ "გავიგუდეთ" საკუთარი სახსრებით ჰაერის ხარისხის შემმოწმებელი სენსორი შეიძინა, მოწყობილობა ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციას ზომავს.

როგორც მოძრაობის ლიდერმა ნიკა მუსერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, აქტივისტებმა სენსორი 24 ოქტომბერს, დავით გარეჯის ქუჩაზე დაამონტაჟეს და სამომავლოდ მისი გადატანა სხვა ლოკაციებზეც იგეგმება.

"აუცილებლად გადავიტანთ სხვა ლოკაციაბზეც, რადგან "გავიგუდეთ" არის სოციალური პროექტი და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს, რა ხდება მის ქუჩაზე, აქვს უფლება დარწმუნდეს, სად და რა გარემოში ცხოვრობს. ეს არის ღია პროექტი, რომელიც უბნების მიხედვით იმოგზაურებს", - განაცხადა ნიკა მუსერიძემ.

როგორც მოძრაობის ლიდერმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, მოწყობილობა ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გარკვეული პერიოდულობით იქნება განთავსებული, ხოლო იმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელ ქუჩაზე მოხდეს სენსორის გადატანა, მოძრაობა სოც.ქსელში ჩატარებული გამოკითხვით გეგმავს.

მუსერიძის ინფორმაციითვე, გარეჯის ქუჩაზე დამონტაჟებულმა მოწყობილობამ, რომელიც ჰაერის ხარისხს ამოწმებს, ბოლო პერიოდში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზღვრულ ნორმაზე 10-ჯერ გადაჭარბება დააფიქსირა, როცა  გარემოს დაცვის დეპარტამენტის სტაციონარული სადგური ნორმაზე 5-ჯერ გადაჭარბებას აფიქსირებს.

სენსორის განთავსების შემდეგ ლოკაციად მოძრაობამ "გავიგუდეთ" ბათუმის ქუჩა შეარჩია, თუმცა როდის მოხდება მისი გადატანა, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სენსორის შეძენა უცხოური სერტიფიცირებული კომპანიისგან მოხდა. ნიკა მუსერიძის თქმით, საათობრივი მონიტორინგის შედეგები სოც. ქსელში უკვე ქვეყნდება და სტატისტიკის ხილვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.