მეგობარმა მეგობარი მოკლა

2019-10-24 16:24:03

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ბალახაძის განაჩენი გამოცხადდა, სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბალახაძე დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი დღეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბალახაძის მამის აღიარებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მამა აღნიშნული აღიარებით შვილის დაცვას ცდილობს.

ბრალდებულის ადვოკატი ნონა ფილაურის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. უფლებადამცველმა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა - საქმის მასალებში მკვლელობის იარაღი, დანა არ დევს.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის იარაღი აქვს ბალახაძის მამას, რომელიც საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და სწორედ ამიტომ არ მიიტანა მკვლელობის იარაღი საგამოძიებო უწყებაში.

ბალახაძის მამამ არაერთხელ განაცხადა და მიმართა გამოძიებას, რომ ის არის დამნაშავე და იარაღზე  დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯიოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრები იყვნენ.