გაგრძელდება თუ არა ავტობანის მშენებლობა

2019-10-22 16:09:36

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

"რუსთავი-თბილისის ავტობანის იმ მონაკვეთებზე, სადაც მოსახლეობის პროტესტი არ არის, სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო იმ ადგილას, სადაც ავტობანმა მაღალსართულიან კორპუსებთან ახლოს უნდა გაიაროს და ადგილობრივები ამას საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში აპროტესტებდნენ, სამუშაოები შეჩერებულია. ვინაიდან ჩვენ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ძალადობრივ მეთოდებზე არ ვართ მიმართული, ადგილობრივებთან ერთად გადავწყვეტთ როგორ გაგრძელდეს სამუშაოები",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, გზის პირას არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები ავტობანის მშენებლობას იმ მოტივით აპროტესტებენ, რომ მათ ისედაც ავარიულ სახლებს, ავტომაგისტრალი კიდევ უფრო დააზიანებს. ადგილობრივები, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს პერიოდულად, რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ.

"ინფო რუსთავს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ და გვთხოვეს რომ გაგვევრცელებინა მათი მოთხოვნა. ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი მინისტრთან შეხვედრას და პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრას ითხოვს.