ახდენს თუ არა სუნი გარემოზე მავნე ზემოქმედებას [video]

2019-10-23 18:17:39

"გარემოზე ზემოქმედება გულისხმობს  წყალზე, ნიადაგზე, ჰაერზე ზემოქმედებას. სუნი არ არის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავში არსებულ სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  განუცხადა. [ვიდეო/video]

გარდა ამისა, როგორც დავითაშვილმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას მასთან კომუნიკაცია ჰქონდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"როგორც კი შემოვიდა ჩვენთან წერილი, შესაბამის უწყებას რეაგირების მოხდენა დაევალა, თუმცა სუნთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი არსებობს. ერთი, ეს არის ზემოქმედება გარემოზე, რაც ჩვენი კომპეტენციის  ნაწილია და არსებობს მეორე ტიპის ზემოქმედება, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის იყო შესწავლის ობიექტი. დღეს მქონდა საუბარი ქალაქის მერთან და მე რამდენადაც ვიცი, მიაკვლიეს პრობლემის წარმოშობის წყაროს და საწარმოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

"ინფო რუსთავს" მინისტრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების ფაქტი დაუდასტურა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოკოს საწარმომ თანამედროვე დანადგარი, რომელსაც უცხოეთიდან ელოდებოდა, უკვე მიიღო. აღნიშნული დანადგარის მონტაჟის პროცესს კომპოსტის საამქროში დღეს ქალაქის მერი დაესწრო.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI