რუსთაველი ახალგაზრდების ბიზნეს იდეები [photo]

2019-10-20 19:38:46

რუსთავის მერიაში პროექტ “გენერატორის” მონაწილეებთან გასაუბრება გაიმართა.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე დღეს 4 მონაწილე წარსდგა. პროექტის მონაწილეებმა ჟიურის წევრებს ბიზნეს კონცეფციები წარუდგინეს და იდეის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კითხვებსაც უპასუხეს.

მერიის დარბაზში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მსურველმა 4-მა კანდიდატმა 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ბიზნეს იდეა გააჟღერა. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ მუნიციპალიტეტისგან 32 900 ლარით დაფინანსება ითხოვა, მას სამომავლოდ ამ ფულის დაბანდება ივენთების მოწყობაში სურს. ჟიურის წინაშე წარსდგა ასევე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან 16 500 ლარით დახმარება სჭირდება და ამ თანხით სასურსათო მაღაზიის შექმნას გეგმავს, მისი თქმით, მაღაზია ხარისხზე ორიენტირებულ მომხმარებელზე იქნება გათვლილი. 4 ბიზნეს იდეას შორის იყო პროფესიული სწავლების სტუდიის მოწყობაც, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს კერამიკაზე, თიხაზე მუშაობას შეასწავლიან და შემდგომში შექმნილი მოდელების რეალიზებას მოახდენენ. იდეის ავტორს სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად 16 500 ლარის ოდენობის თანხა ესაჭიროება. "გენერატორში" მონაწილე ერთ-ერთ გუნდს კი სამკერვალოს ჩამოყალიბება სურს და მუნიციპალიტეტისგან 12 500 ლარით დახმარებას ითხოვს.

ჟიურის წევრებმა პრეზენტატორებს გარკვეული სახის შენიშვნები მისცეს და პროექტების დახვეწის მიზნით დროც გამოუყვეს.

"გენერატორის" ფარგლებში მუნიციპალიტეტმა უნდა შეარჩიოს 1, 2 ან 3 მონაწილე, რომელსაც ბიზნეს იდეას დაუფინანსებს. სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მსურველების დასაფინანსებლად  ჯამში 40 000 ლარია გათვალისწინებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები