სად და რა მოტივით მოკლა ქმარმა ცოლი

2019-10-20 00:07:03

"ინფო რუსთავი"-სთვის ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებულ 30 წლის მამაკაცს 25 წლის ცოლის მოკვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა განზრახული, ხოლო გეგმა 16 ოქტომბერს სოფელ ტალავერში, ტყეში განახორციელა.

"ეს პიროვნება ამ ცოლთან ერთად ცხოვრობდა აზერბაიჯანში, მეუღლის ოჯახში. ბრალდებული აცხადებს რომ ის აკვირდებოდა მეუღლეს და შეამჩნია რომ მისთვის უცხო პირს ემესიჯებოდა. თავიდანვე მქონდა განზრახული მისი მოკვლაო, თუმცა აზერბაიჯანში ვერ განვახორციელე რადგან მის ოჯახში ვცხოვრობდიო. 16 ოქტომბერს ჩამოვიდნენ საქართველოში, საღამოს საკუთარი მამის ჟიგულის მარკის ავტომობილით გავიდნენ ტყეში. გააჩერა ავტომობილი და გადაჯდა უკანა სავარძელზე, თან შარვლიდან მოიხსნა ქამარი. შეეკითხა ვის ემესიჯებიო, საუბრის დროს ქამარი მოუჭირა და მოახრჩო. მოგვიანები კი აღნიშნული ავტომობილით ცხედარი პირდაპირ პოლიციაში მიიტანა და მკვლელობის შესახებ განაცხადა", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში პროკურორი ლევან ჯალაღანია.

ბრალდებულის ადვოკატმა გირაოს სახით 20 000 ლარის შეფარდება მოითხოვა თუმცა, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ილგარ ნასიბოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.