12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველო ირლანდიას შორის გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების გულეშემატკივარმა, რუსთაველმა ბიჭმა, რომელმაც თამაშის შესვენებისას შეყვარებულს, ნინი თოიძეს ცოლობა სთხოვა. [ვიდეო/video]
ამ ამბის განხილვამ სოციალურ ქსელში უკვე გადაინაცვლა. რუსთაველებს აინტერესებთ, ვინ არის ბიჭი, რომელმაც გამორჩეული სიურპრიზი მოუწყო საყვარელ გოგონას.
რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გოგოლაძე 31 წლისაა . როგორც ის "ინფო რუსთავს" უყვება, ნინი თოიძე რუსთავის ქუჩებში შენიშნა. გოგონა მოეწონა და მისი მოძებნა გადაწყვიტა. 22 წლის ნინი ფარმაცევტია და ახალგაზრდა ბიჭმა გოგონას კვალს სწორედ რუსთავის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მიაკვლია.
გიორგი გოგოლაძის თქმით, სიურპრიზების მოწყობა უყვარს და საყვარელ გოგონასაც ხშირად ანებივრებს. რაც შეეხება ხელის თხოვნას, რუსთაველმა ახალგაზრდამ შეყვარებულისთვის კითხვის "ცოლად გამომყვები?" დასმა თამაშამდე 1 კვირით ადრე გადაწყვიტა.
შეყვარებულებს თითქმის 2 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ურთიერთობა კი ქორწინებით ოქტომბრის თვის დასასრულს დაგვირგვინდება.