არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” საქართველოს ხელისუფლებაში პიარსამსახურებში დასაქმებულებისა და მათი ხელფასების შესახებ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია როგორც პიარსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურება. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს 194 სახელმწიფო უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურება [ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი] 2 მლნ ლარამდე გაიზარდა და 20 მლნ ლარს გადააჭარბა.
ორგანიზაციამ წინა კვლევა 133 უწყებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, ახალი კვლევა კი 194 უწყებას აერთიანებს.”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მონაცემები 216 უწყებიდან გამოითხოვა, თუმცა, ნაწილმა პასუხი არასრულად, ნაწილმა კი საერთოდ არ მიაწოდა.
ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
ჩამონათვალში რუსთავის მერიაც მოხვდა. მუნიციპალიტეტს 16 PR-ის თანამშრომელი ჰყავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:
ჯანდაცვის სამინისტრო: 73
თავდაცვის სამინისტრო: 51
განათლების სამინისტრო: 49
თბილისის მერია: 43
შსს სამინისტრო: 41
პარლამენტი: 36
ფინანსთა სამინისტრო: 21
შსს-ს აკადემია: 20
ცესკო: 16
რუსთავის მერია: 16