დაკავებულის მამა: თქვი თორემ დედას ..... [video]

2019-10-09 22:53:42

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილი მამა აცხადებს, რომ გამოძიების ხელთ არსებული ჩვენება მისმა შვილმა ზეწოლის ქვეშ მისცა.
როგორც გეთაშვილის მამა ჟურნალისტებს უყვება, პოლიციელებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. [ვიდეო/video]

“ფანჯრიდან გვესმოდა ხმა. ჩვენ გვეუბნებოდნენ აქ არ გვყავს თქვენი შვილიო. სად არის ვეუბნები, გვანახეთ. შევხედავ თვალებში და ამოვიცნობ ვინ არის მეთქი. ჩემი შვილი არ არის მკვლელი, მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. ფანჯრიდან მესმის ხმა, თქვი თორემ დედას მ......... ვაგონები ჩამოხსნეს უკვე და გადამალეს ვიღაც-ვიღაცები. ვერავის გადამალავენ, ყველას დავიჭერ”, - აცხადებს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილის მამა, თუმცა ის ჟურნალისტებთან საუბარში განმარტებას არ აკეთებს, კონკრეტულად რას გულისხმობს “ვიღაც-ვიღაცების გადამალვაში”.

დაკავებულის მამის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს “ინფო რუსთავთან” საუბარში გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალეკო კობაიძე. კობაიძის თქმით, სამართალდამცველები ნარკოტიკების ჩადებითა და სიციცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ გეთაშვილს.

“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ზეწოლის ქვეშ მოხდა ჩვენების მიცემა. იმ ინფორმაციის მიღება, რასაც ბრალდების მხარე ჩვენს საპირისპიროდ ატრიალებს. ეს რომ ნამდვილად ასე მოხდა, ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც”, - აცხადებს ალეკო კობაიძე.

კობაიძე ასევე გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გეთაშვილი და გიორგი ასათიანი, რომელსაც უშუალოდ მუმლაძის მკვლელობაში ედება ბრალი, ერთმანეთს წარსულშიც იცნობდნენ. გარდა ამისა, კობაიძის ინფორმაციით, გეთაშვილს კვაშირი ჰქონდა მიმალვაში მყოფ ზურაბ ჯღარკავასთანაც, რომელსაც ასევე მკვლელობაში უშუალო მონაწილეობაში ედება ბრალი. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იცნობს გიორგი ასათიანს და მიმალვაში მყოფ ჯღარკავას, მაგრამ ამით სამართლებრივად არაფერი იცვლება”, - აცხადებს კობაიძე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები