შალვა თადუმაძე VS რომან გოცირიძე [video]

2019-10-09 16:14:59

გენერალური პროკურორი  შალვა თადუმაძე რომან გოცირიძეს კითხვაზე, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", პასუხობს, რომ "არ იცის". [ვიდეო/video]

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნული კითხვა თადუმაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენენ. გოცირიძემ სხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, - მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „არ ვიცი“.

ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა ამ ფრაზაში „რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს“.

ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთ ფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ მე შემიმოწმოთ სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გოცირიძის კითხვები ასევე ეხებოდა ბერძნულ მითოლოგიას. შალვა თადუმაძემ უპასუხოდ დატოვებული რამდენიმე კითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ძლიერი არ არის.

"სამართლიანობის ქალღმერთი ვინ არის, სახელი მითხარით?" - ჰკითხა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა: "ვიკიპედია არ მაქვს ახლა თან". შემდეგ გოცირიძემ გენ. პროკურორს ჰკითხა, რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს, რაზეც თადუმაძისგან მიიღო პასუხი, რომ "მითოლოგიაში ძლიერი არ არის".

გარდა ამისა, ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ ასწავლიდა უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“.

"საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით და იმიტომ ვერ პოულობთ დიპლომში ამ საგანს" - ასე უპასუხა კახიძემ გენერალურ პროკურორს.

შემდეგ დეპუტატი ამ საგანში მიღებული ქულითაც დაინტერესდა, რაზეც თადუმაძეს პასუხი არ გაუცია, თუმცა ზოგადად, სხვა საგნებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ 3-იანებიც ჰყავდა.

„3-იანები მყავს სამწუხაროდ...“ - აღნიშნა თადუმაძემ დიპლომში, ნიშნების ფურცლის გადახედვის შემდეგ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერები თადუმაძეს სთხოვენ, დაასახელოს თანაკურსელების სახელები და გვარები, რაზეც თადუმაძე აცხადებს, რომ ამის ნებართვა თანაკურსელებისგან არ აუღია.

კითხვები, რომელსაც თადუმაძეს კომიტეტის სხდომაზე უსვამენ, ძირითადად მის განათლებას უკავშირდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია და უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც მან 1993 წელს ჩააბარა, რეალურად 1994 წელს შეიქმნა.