ნახევარი მილიონი გირაოს სახით

2019-10-09 11:31:13

ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლო 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობს.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი გეთაძის ადვოკატი ალეკო კობაიძე გეთაძის 500 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულმა გიორგი გეთაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა რომ დაკავებისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურსა და დავით მიროტაძეს, ასევე ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს, ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლითა აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღვეთას გულისხმობს, გიორგი ასათიანს ბრალი სსკ-ის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გიორგი გეთაშვილს სსკ-ის 143 მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3,ა-თი, რაც ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას გულისხმობს. სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს - ზურაბ ჯღარკავას ეძებენ.

პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის.

პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა, სადაც მას უკვე ელოდნენ მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიმიტრი დუღაშვილი.

ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მათ დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, მათ კი თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დავით მუმლაძე იძულებით ჩასვეს ავტომობილ "მერსედესში" და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რუსთავში მდინარე მტკვრის პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები