მოგვარდება თუ არა ლიფტების პრობლემა რუსთავში

2019-10-01 19:20:51

რუსთავში არსებული კორპუსების მცხოვრებლებისთვის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ლიფტები ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

"ინფო რუსთავს" აღნიშნული პრობლემის გაშუქების თხოვნით არაერთხელ დაუკავშირდნენ. როგორც რუსთაველების ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ზოგიერთ საცხოვრებელ სახლში ლიფტით გადაადგილება საშიშია.

საინფორმაციო სააგენტოს გადაცემა "Free Live"- ში, წამყვანის კითხვას, ხომ არ გეგმავს ადგილობრივი მთავრობა ლიფტების მოწესრიგების კუთხით რაიმე ნაბიჯების გადადგმას, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა, რომ ამ მიზნით თანხების მოძიება უკვე დიდი ხანია დაწყებულია. როგორც ტაბაღუამ აღნიშნა, შესაძლოა რუსთავში ბელორუსული ლიფტების დამზადება მოხდეს.

"4-ჯერ გვყავდა ჩვენ ის კომპანია სტუმრად, რომელმაც ჩვენი თხოვნით შესწავლა გააკეთა რუსთავში არსებულ ლიფტებთან დაკავშირებით. სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაც დაიდო კარგ, ცუდ და საშუალო მდგომარეობაში მყოფ ლიფტებთან მიმართებაში. ამ ქარხანაშია ნაწარმოები რუსთავში არსებული ლიფტების 100 პროცენტი. დაახლოებით 8000 დოლარიდან 12000 დოლარამდეა თითო ლიფტის შკეთების ღირებულება. ფინანსების მოძიებაზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია მუშაობა და ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპი უნდა დაიწყოს, თუნდაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ლიფტების მოწესრიგების.  შესაძლებელია გრძელვადიანი გრაფიკი გაგვიკეთოს თანხის გადახდისთვის ამ კომპანიამ.  მომსახიურებას თვითონ გვთავაზობს და ამ მომსახურებაში გვთავაზობს დიდ კონფორტს, თანამედროვე სისტემას, 24 საათიან მორიგეობას, პლასტიკური ბარათით გადახდას და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.