რა მოხდა მკვლელობის დღეს

2019-10-08 12:54:10

"ინფო რუსთავმა" მოიპოვა ინფორმაცია თუ რა წერია კონკრეტულად რუსთავში მომხდარი მკვლელობის ბრალის ფორმულირებაში.

პროკურატურა: გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა.

განზრახვის განხორციელების მიზნით გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის.

ბრალში ასევე წერია რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა სადაც მას უკვე ელოდნენ რუსთაველი პოლიციელები. პოლიციელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში. შემდეგ კი დაკავებული პირი მათ უკვე გადასცეს გიორგი ასათიანს და ზურაბ ჯღარკავას. აღსანიშნავია რომ ჯღარკავა არის პოლიციელის, დავით მიროტაძის სიძე.

მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა დავით მუმლაძე მდინარე მტკვართან მიიყვანეს, მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მდინარეში გადააგდეს.