" საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია"

2019-10-07 11:06:54

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი.

კობაიძის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს თავად იცავს. ადვოკატის განმარტებით, გეთაშვილს, რომელიც მოკლულის მეგობარია, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ალექსანდრე კობაიძე წუხელ გეთაშვილს ქვემო ქართლის პოლიციაში შეხვდა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა პროცედურული ნორმების დარღვევებზეც ისაუბრა.

„მე მიჭირავს დაკავების ოქმი, რომელშიც წერია, რომ ის დაუკავებიათ 2019 წლის 6 ოქტომბერს, 23:09 საათზე ანუ გამოდის, რომ მთელი 24 საათზე მეტი ის დაკავებული არ ყოფილა და მოხალისე ყოფილა, ამ შენობაში ღამე რომ გაათია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია და ჩვენ ამაზე პროცესუალურად ვიდავებთ. რეალურად დააკავეს 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე. დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით. სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გვედავებიან, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყოველივეს ვერ დაამტკიცებენ. აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი, სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ, ხოლო ბოლოს გეთაშვილმა მუმლაძე 1-ელ ოქტომბერს ნახა.

„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გეთაშვილს ბრალს სავარაუდოდ, პროკურატურა დღეს წაუყენებს, სასამართლო პროცესი კი სამშაბათს ჩატარდება.

36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდაცვლილი დავით მუმლაძეა.