რუსთავი ენერგოეფექტურ გარე განათებაზე გადადის

2019-10-02 17:05:07

„რუსთავსერვის ცენტრი“ რუსთავის მასშტაბით გარე განათების სისტემის შეცვლას და „ლედ“ სანათების დამონტაჟებას განაგრძობს. ამ ეტაპზე განათების სისტემა რუსთაველის ქუჩაზე იცვლება, სადაც 90-მდე ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი განთავსდება.

დიოდური სანათების მონტაჟის პროცესს „რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი გოროზია დაესწრო.

"მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ნათურები თანამედროვე, დიოდური სანათებით იცვლება. სანათები გამოირჩევა ელექტროენერგიის ეკონომიური წვის რეჟიმითა და ეფექტური ვიზუალური განათების სისტემით. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს განათებას. მნიშვნელოვანია ისიც რომ დიოდური სანათები  ელექტროენერგიის ხარჯებს 60-70%-ით შეამცირებს,"- განაცხადა გიორგი გოროზიამ.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელში არსებულ სოდიუმის სანათები დიოდური სანათებით ეტაპობრივად ჩანაცვლება.