რუსთაველ ახალგაზრდებს მხარდაჭერა სჭირდებათ

2019-10-02 13:57:04

რუსთაველ ახალგაზრდებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

საერთაშორისო პროგრამა "Social Impact Award"-ში მონაწილე 4 რუსთაველი ახალგაზრდისგან შემდგარი გუნდი 6 ფინალისტს შორის მოხვდა. კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდის შერჩევა ხდება, 3-დან კი ერთ-ერთი გამარჯვებულის გამოვლენა მხარდამჭერების ონლაინ აქტივობაზეა დამოკიდებული. რუსთაველი ახალგაზრდებისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: https://georgia.socialimpactaward.net.

ნინი ჩარკვიანის, ანელი ჩხარტიშვილის, მიშა ლობჟანიძისა და მარიამ ლაცაბიძის ფინალური პროექტის სახელწოდებაა "Camelot". იმისთვის, რომ თქვენი მხარდაჭერა დაფიქსირდეს, "Camelot"-თან ერთად, ხმის მიცემის პროცესში აუცილებელია კიდევ 2 რჩეული პროექტის მონიშვნა. ხმის მიცემა 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თითოეული გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით 1500 ევროს მიიღებს და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს დაესწრება.

პირველ ეტაპზე, Social Impact Award-ის ფარგლებში, ვორქშოფები რუსთავსა და თბილისში ჩატარდა. ვორქშოფები შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა, სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა და ბიზნესგეგმის შემუშავება. ვორქშოფებში მონაწილეობა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მომდევნო ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ჟიურის წევრებს შეხვდნენ და თავიანთი იდეები გაუზიარეს. განაცხადებები დამოუკიდებელმა ჟიურიმ განიხილა და  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: პროექტის სოციალური სარგებელი, სოციალური პრობლემის გადაჭრის ახლებური გზა - ინოვაცია, ბიზნესგეგმის განხორციელების რეალისტურობა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, 6 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ფინალში გადასულმა გუნდებმა ორთვიანი ინტენსიური ინკუბაცია გაიარეს. გუნდებმა მიიღეს Impact Hub Tbilisi-ს სამთვიანი წევრობა, სადაც კოორდინატორებთან და მენტორებთან (რუსთაველების გუნდის მენტორი EMT-ის ასოცირებული ტრენერი გიორგი მაღლაფერიძეა) ერთად ბიზნესგეგმა შეიმუშავეს. სექტემბრის ბოლოს ფინალისტებმა ჟიურის წინაშე ორთვიანი ინკუბაციის შედეგი წარადგინეს და გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი. ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით კი კიდევ ერთი გამარჯვებული შეირჩევა.

Social Impact Award სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამაში მსოფლიოს 20-მდე ქვაყანა მონაწილეობს.