რა ბედი ელის მე-6 კლასის მოსწავლეს

2019-09-20 21:30:13

რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში #5 საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს განვითარებული მოვლენები რომ შეაფასოთ, როგორია თქვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით?

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ბავშვის, ნებისმიერი მოსწავლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მე პირადად ამას დადებითად ვერ შევაფასებ. არ შეიძლება 11 წლის ბავშვის წინააღმდეგ მშობლების მხრიდან ასეთი ემოციური ზეწოლა მოხდეს. თანაც ვაკვირდებოდი, იმ მშობლების მხრიდან, რომელთა შვილებსაც გოგონასთან გადაკვეთის წერტილი არ ჰქონიათ. მიმაჩნია, რომ ეს გადაზრდილი იყო უმართავ პროცესებში. საქმეში ჩართული არის სოც. სამსახური, განათლების სამინისტრო, მანდატურის სამსახური. აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მოვნახოთ გამოსავალი, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია დარეგულირდეს ისე, რომ არ იყოს დაზრალებული სკოლის არცერთი მოსწავლე. მოგვარებადია, თუკი, რა თქმა უნდა, მშობლებიც მხარს დაგვიჭერენ და არ იქნება ასეთი გამოსვლებით ხელის შემშლელი სიტუაციები.

თქვენ ალბათ მოისმინეთ მშობლების პოზიცია, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, როგორ წარმოგიდგენიათ სიტუაციის განვითარება?

დღეს ძალიან ბევრი უფროსკლასელიც არ იყო სკოლაში მოსული, თუმცა ეჭვი მეპარება, მე-11 მე-12 კლასელებს ეშინოდეთ მე-6 კლასელის. როგორც დავინახე, იყო მართული სიტუაცია, რომ ბავშვები არ მოსულიყვნენ სკოლაში. მიმაჩნია, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მშობლების ინფორმირება, ბავშვებმა სკოლაში იარონ. რაც შეეხება გოგონას, თუკი ვინმე მისგან საშიშროებას გრძნობს, მასთან და მის მშობელთან აქტიური ურთიერთობა მიმდინარეობს. ბავშვი შეფასებულია უკვე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, დაიწერება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და მასთნა იმუშავებს სპეც. მასწავლებელი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მშობლებს ბავშვის სკოლიდან გაძევების მოთხოვნის უფლება არც მორალურად და არც სამართლებრივად არ აქვთ. საჭიროა სხვა მშობლებისგან მხარდაჭრა, რომ მათი შვილები უარყოფითად არ განაწყონ გოგონას მიმართ და უფრო მეტი აგრესია არ გამოიწვიონ.

მე-6 კლასის მოსწავლის მშობელი თუა თანახმა თქვენთან თანამშრომლობაზე?

მშობელი მოდის თანამშრომლობაზე. გოგონა მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში შარშან დადიოდა კიდეც. დღესაც ვესაუბრე მას და ყველანაირად ცდილობს, რომ მისი შვილის ინტერესები იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ, რომ სხვისი შვილის ინტერესებიც იყოს დაცული. ის, რომ დედამ დაწერა უკვე განცხადება მისი შვილი შეფასდეს, ეს უკვე გადადგმული ნაბიჯია სიტუაციის დარეგულირებისთვის.

თუ ადასტურებთ, რომ ინციდენტებს სკოლაში აქამდეც ჰქონია ადგილი?

"დიახ. იყო არაერთი განცხადება გოგონას დედის მხრიდანაც, სკოლის სხვა მოსწავლეების მშობლების მხრიდანაც, მოხდა შესწავლა, ზოგიერთი მოხსენებული ინფორმაცია დადასტურდა, ზოგი არა, თუმცა რეაგირება სკოლას მუდმივად ჰქონდა. ვრცელდება არასწორი ინფორმაციებიც, დანის არსებობა სკოლაში არ დასტურდება. ამიტომ ვთხოვ საზოგადოებას ასეთი კომენტარებისგან თავი შეიკავონ, რადგანაც ეს იმიჯსაც ლახავს სკოლების, თითქოს რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანებით დადიან ბავშვები.

ხომ არ მოხდა პროცესებში ჩარევის დაგვიანება, რატომ მივიდა ამ ზომამდე სიტუაცია?

ვერ ვიტყვი, რომ დაგვიანებულია, იმიტომ რომ სოც. სამსახური, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რესურსცენტრი, სკოლაც და განათლების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიც უკვე წლებია ამ თემაზე მუშაობენ. უბრალოდ ეს ყველაფერი გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა მუსიკის პედაგოგთან დაკავშირებით. ამაზეც ვერანაირად ვერ ვახდენთ რეაგირებას, იმიტომ, რომ იმის დასტური, ნამდვილა არის თუ არა გოგონა ამ საქმეში გარეული, არ გვაქვს. როდესაც ორივე მხარე სხვადასხვა რამეს ამბობს, და არ გვყავს თვითმხილველი, ვინც იტყვს რეალურად რა მოხდა, რთულია საუბარი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები