პედაგოგმა კლინიკა დატოვა

2019-09-20 18:46:14

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულმა პედაგოგმა კლინიკა "რუსთავი" დატოვა.

ნანა წიქარიშვილს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. მუსიკის პედაგოგი მკურნალობას ახლა სახლში განაგრძობს.

როგორც ნანა წიქარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, ის პროფესიის სიყვარულიდან გამომდინარე სკოლაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება.

"უფრო ხშირად უნდა ვიწვე. ბიულეტენში გავედი, არვიცი როდემდე. თუ უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს, მე მიყვარს ჩემი პროფესია, ასევე ვგრძნობ სხვების სიყვარულსაც და დავბრუნდები სკოლაში", - აცხადებს მუსიკის პედაგოგი.

კითხვაზე, რას ფიქრობს მშობლების მოთხოვნაზე, მე-6 კლასელი გოგონას სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებით, მასწავლებელი გვპასუხობს, რომ მოსწავლისთვის გარემოს შეცვლა აუცილებელი გახდა."რაღაცა უნდა შეიცვალოს. ღირს მაგ ბავშვის მანდ დარჩენა? მშობლები აგრესიულები, ბავშვები აგრესიულები არიან მის მიმართ. მე ვთვლი, რომ მაგ ბავშვმა გარემო უნდა შეიცვალოს. იცით კიდევ რა ართულებს საქმეს, თავისი საქციელიდან გამომდინარე, არცერთ სკოლას არ უნდა რომ მიიღოს. პირველად რომ რაღაც ინციდენტი შეემთხვა, გამოუყო სამინისტრომ მანდატური, ფსიქოლოგთან და სოც. მუშაკთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ უშედეგოდ", - აცხადებს ნანა წიქარიშვილი.

შეგახსენებებთ, რომ ინციდენტი რუსთავის #5 საჯარო სკოლაში 2 დღის წინ მოხდა. პედაგოგის ინფორმაციით, მე-6 კლასელმა მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

მე-6 კლასელი მოსწავლე რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ბულინგში ადანაშაულებს ფაქტს უარყოფს და აცხადებს რომ პედაგოგი ცრუობს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები