სუნზე ექსპერიმენტი ჩატარდა

2019-10-06 00:23:27

რუსთავში არსებული უსიამოვნო სუნის გავრცელების კერის აღმოსაჩენად ექსპერიმენტი ჩატარდა. ამის შესახებ ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში განაცხადა. 

ირაკლი ტაბაღუას თქმით, "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და გაირკვა, რომ რუსთავში უსიამოვნო სუნი სწორედ სოკოს საწარმოდან შემოედინება.

"კომპოსტირება, რომელსაც სოკოს საწარმო ახორციელებს, არის 24 საათიანი, უწყვეტი ციკლი. შედეგად წარმოიქმნება ნიადაგი,  რომლითაც სოკო მოჰყავთ. დავესწარი ამ ექსპერიმენტს, დაახლოებით 3 საათი მომიწია იქ ყოფნა. საწარმოო პროცესში, ის სუნი, რაზეც საუბარია, ნამდვილად გამოიყოფა. ჩვენ დამატებით ტესტიც გვქონდა ატანილი სიურპრიზად და სწორედ ამ დასკვნამდე მივედით", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის მერის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მზადაა საწარმოო პროცესში იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც უსიამოვნო სუნის გავრცელებას იწვევს.

"დღესდღეობით კომპანიას შეკვეთილი აქვს და ჩამოაქვს თურქეთიდან ახალი დანადგარი, ტრანსპორტირების საკითხია მხოლოდ მოსაგვარებელი. დირექტორის გარდა, შეხვედრა გვქონდა ერთ-ერთ მეპატრონესთან ამ კომპანიის და ის მზადაა არა მარტო ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას სხვადასხვა მიმართულებით ქალაქთან დაკავშირებითაც", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.