"ამ ქალაქს პატრონი ჰყავს"

2019-10-01 21:18:59

"როდესაც ისმება კითხვა, ქალაქს პატრონი ჰყავს თუ არა, მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, პატრონობას რუსთავთან მიმართებაში. ეს კითხვა ჩემი თავისთვისაც დამისვამს და მინდა გითხრათ, კი, როგორ არ ჰყავს ამ ქალაქს პატრონი", - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში განაცხადა.

როგორც ნინო ქავთარაძე აღნიშნავს, ის სოციალურ ქსელში რუსთაველების მიერ დაწერილ კომენტარებს აქტიურად კითხულობს. თავმჯდომარის მოადგილე გადაცემის საშუალებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.

"წუხილი, რომელიც მოსახლეობას აქვს, ჩვენი წუხილიცაა. ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ვარ, "ინფო რუსთავისაც" და მოსახლეობის კომენტარებს სულ ვკითხულობ. ძალიან ხშირად იწერება ხოლმე სოციალურ ქსელში ასეთი კითხვა, ამ ქალაქს პატრონი ჰყავს? რუსთავს პატრონი არ ჰყავს, უპატრონო ქალაქიაო წერენ და ამას მართლა განვიცდი. როდესაც ისმება კითხვა, ქალაქს პატრონი ჰყავს თუ არა, მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, პატრონობას რუსთავთან მიმართებაში. ეს კითხვა ჩემი თავისთვისაც დამისვამს და მინდა გითხრათ, კი, როგორ არ ჰყავს ამ ქალაქს პატრონი", - აღნიშნავს ნინო ქათამაძე.

გადაცემის წამყვანის, გიორგი ჩომახაშვილის მიერ დასმულ კითხვას, თუ რაში გამოიხატება რუსთავის მიმართ პატრონობა, თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს, რომ ქალაქში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი სწორედ მათი მმართველობის პერიოდში დაიწყო.

"იქიდან დავიწყოთ, რომ ჩვენ ქალაქის დაბინძურებაზე აქამდე არასდროს გვისაუბრია. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ქალაქი იყო ნისლში გახვეული და ძალიან მიხარია ამაზე საუბარი რომ დაიწყო. როდის დაიწყო? როცა გაუჩნდა ქალაქს პატრონი. რატომ არის ხოლმე იცით საწყენი? ძალიან ბევრი რაღაც არ ჩანს. არ ჩანს შეხვედრები, ის მწვავე კამათები, რომლებიც შიდა სამზარეულოში იმართება. ეს ვერც გამოჩნდება, ყველაფერი ვერ გასაჯაროვდება. დაიწყო ჰაერის მონიტორინგი, შეხვედრები, სერიოზული წერილობითი თუ პირადი საუბრები ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მეც ასეთი ვარ, მესმის, უცებ გვინდა ხოლმე შედეგი და ამ შედეგამდეც აუცილებლად მივალთ", - განაცხადა ნინო ქავთარაძემ. 

ქავთარაძის თქმით, არ სურს მოსახლეობას ეგონოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თვითკმაყოფილები არიან, თუმცა მისი განცხადებით, მმართველი ძალა ყველაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად, რაც შეუძლია. რადგანაც საუბარი გარემოს დაბიძურებას შეეხებოდა, ქავთარაძემ აღნიშნა, რომ რუსთავის საკრებულომ "ჯეოსთილს" ქალაქში მეორე საწარმოს აშენების ნებართვა არ მისცა. "ვერ ააშენებს "ჯეოსთილი" მეორე საწარმოს, არ მისცემს არავინ ამის უფლებას, საკრებულო ამაზე არ აწევს ხელს, მანამ, სანამ საწარმო არ მოაწესრიგებს ეკოლოგიის პრობლემას", - აცხადებს ნინო ქავთარაძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები