რას აცხადებს რუსთავის მერი გარემოს დაბინძურებაზე

2019-10-03 19:55:26

"როდესაც შენ იწყებ ამ პროცესებს, იწყებ სამართლებრივად. სამართლებრივ პროცესში, როცა არ გაქვს შესაბამისი გამოცდილება, არ გინდა დამარცხდე. საწარმოებს ჰყავთ იურისტები, სერიოზული ფინანსისტები, აუდიტორები. ბევრჯერ მქონია განცდა, რომ შემოწმების პროცესებში იყო ხარვეზები, რაღაც ისე არ ჩატარდა, როგორც საჭიროა, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება მტკიცებულებები", - ამის შსახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში, წამყვანის მიერ, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემის, გარემოს დაბინძურების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, ქალაქში არსებულ საწარმოებში მონიტორინგის პროცესი გრძელდება, რაშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობაც, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება მაინც შესაბამის ორგანოებზეა დამოკიდებული.

"ინსპექტირების და გრძელვადიანი მონიტორინგის პროცესი დაიწყო გარემოს ზედამხედველობამ, შემოწმდა 3 საწარმო, ჯეოსთილი, მეტალურგია და უკრაინული კომპანია. ეს პროცესი გრძელდება. ამ პორცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავისი შენიშვნები და პრეტენზია მაკონტროლებელ ორგანოსაც გააჩნია და შესაბამის არგუმენტებს კომპანიაც მოიყვანს. გადაწყვეტილება სასამართლოს მისაღებია, როდესაც ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ შენიშვნა, რომელიც დაიწერება არ იყოს განსჯადი იმ მხრივ, რომ გადაწყვეტილება რომელიმე ორგანომ მიიღოს, რომ ეს საკითხი მას გამოსასწორებელი არ აქვს. აქ ძალიან ბევრი თემატიკაა, იგივე ნარჩენების მართვა, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. გამონაბოლქვი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებით ვერ გამოვლინდება და მონიტორინგი, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს ჩაატარონ ამ გამონაბოლქვთან დაკავშირებით. სალიცენზიო პირობებში ზოგს კვარტალში ერთხელ აქვს ვალდებულება ამის წარდგენის, ზოგს 6 თვეში ერთხელ და ეს ფიზიკურად სურათს ვერ გვაძლევს. ეს პროცესები დასაწყისისკენაა, ამის დასრულება დღეს და ხვალ შეუძლებელია", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.