შეჩერდა თუ არა "ჩიკაგოს სკვერის" რეაბილიტაცია

2019-09-27 09:38:56

რუსთავში, ე.წ. ჩიკაგოს სკვერის სარეაბილიტაციო სამშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მერიის ინფრასტრუქტუტრის სამსახურში არ ადასტურებენ.

"ინფო რუსთავს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სამუშაოები სკვერში დაახლოებით 3 კვირაა შეჩერებულია, თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ტაბაღუა ამბობს, რომ სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და პროექტი დასკვნით ფაზაშია.

"სპორტული სტადიონი უკვე მიყვანილია ბოლომდე, ბორდიურის სამუშაოები დასრულებულია, განათების ბოძები დამონტაჟებულია, დარჩენილია ფილისა და გაზონის მოწყობის სამუშაოები. მე ვფიქრობ, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ოქტომბრის თვეში უნდა დაასრულოს სამუშაოები. კომპანიასთან ჯერჯერობით არ ყოფილა არანაირ გადავადებაზე საუბარი", - აცხადებს ზურა ტაბაღუა.

ე.წ. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციას კომპანია შპს "არბა" ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და გამწვანების სარწყავი ქსელით მოწყობა ხდება. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 2 ბავშვთა სათამშო მოედანის, სკვერის ცენტრში კი ამფითეატრისა და ფანჩატურის მოწყობა. სკვერში ასევე განთავსდება 80-მდე დეკორატიულ-მოსასვენებელი სკამი. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ჩიკაგოს სკვერის ტერიტორიაზე მდებარე სპორტული მოედანი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  973 564 ლარს შეადგენს.