ფასადების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირზე

2019-09-25 15:46:04

კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი შესაძლოა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დასრულდეს, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ განუცხადა.

ტაბაღუას თქმით, აღნიშნულის მიზეზი სამუშაოების მოცულობის გაზრდა გახდა.

"ფასადების რეაბილიტაცია ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებლიყო, თუმცა საკმაოდ ბევრი სამუშაო დაემატა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიისგან იქნება დადასტურებული, თუ რატომ სჭირდება დამატებითი ვადა, შესაძლოა ამ დროის დამატება მოხდეს. ამ ეტაპზე, ყველა ფასადზე მიმდინარეობს სამუშაო. ზოგი ფასადი გალესილია, შეღებილია, ხოლო შენობების ნაწილზე უკვე მოხსნილია ძველი ნალესი და მიმდინარეობს მათი ლესვა. შეიძლება კომპანიას  ვადის დამატება მხოლოდ იმის გამო დასჭირდეს, რომ ისევდაისევ მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე დაემატება სამუშაოები", - განაცხადა ზურა ტაბაღუამ.

ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელ სახლებზე საჭიროებისამებრ ნალესის ჩამოფხეკვა და ხელთავიდან შელესვა, ხის კარ-ფანჯრების გარე და შიდა მხრიდან შეღებვა, კიბეების დემონტაჟი და ხელთავიდან მონტაჟი ხდება. პროექტით გათვალისწინებულია  საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აივნების აღდგენაც, სამღებვრო სამუშაოების ჩატარება და საჭირო დეკორატიული ელემენტების დამატება.