რუსთაველი სტუდენტების დაფინანსება იზრდება

2019-09-23 22:12:14

სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის რუსთავის მერიისგან გამოყოფილი დაფინანსება გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, დაფინანსების გაზრდა 2020 წლისთვის იგეგმება, სტუდენტების სწავლისათვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალური რაოდენობა კი 1200 ლარი იქნება.

"სტუდენტების დაფინანსება 800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. თანხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 1200 ლარი და შემდეგ დიფერენცირება მოხდება აკადემიური მოსწრების მიხედვით. ეს ძალიან კარგი და პროგრესული პროგრამაა", - განაცხადა მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ.

ქვირიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცეშია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მიენიჭება.