რუსთავში საცხოვრებელი სახლის კედელი გაიბზარა [photo]

2019-09-23 12:00:45

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედელი გაიბზარა.

როგორც "ინფო რუსთავს" კორპუსის მცხოვრებმა, ოლია სამხარაძემ  განუცხადა, საცხოვრებელი სახლის კედელის გაბზარვა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

"სამი დღეა, რაც ქარი ქრის, მაღლიდან დიდი ნალესები ცვივა, გუშინაც მთელი დღის განმავლობაში ცვიოდა. მერე მეზობლებმა გარედან დაინახეს, კედელია გახსნილიო, გამოვიძახე სამაშველო სამსახური და პატრული. იმ ოთახიდან, სადაც ნალესი ცვივა, სხვა ოთახში გამოვედით საცხოვრებლად", - აცხადებს ოლია სამხარაძე.

აღნიშნულ კორპუსში ათობით სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, როგორც კორპუსის მცხოვრებლები "ინფო რუსთავს" უყვებიან, შემთხვევის შესახებ თვითმმართველობას უკვე აცნობეს, თუმცა მათი თქმით, ფაქტზე რეაგირება ჯერჯერობით არ მომხდარა. მოსახლეობის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და ისინი რეაბილიტაციის მოთხოვნით მუნიციპალიტეტს წლებია მიმართავენ. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აღნიშნავენ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ სახლის გამაგრებითი სამუშაოები საკუთარი სახსრებით განახორციელონ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "ინფო რუსთავი" რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურა ტაბაღუამ განაცხადა, იმის თქმა, თუ რამდენად რენტაბელურია აღნიშნული შენობა ნაგებობის გამაგრება-გაძლიერება, მხოლოდ კონსტრუქტორის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა, ტაბაღუას ინფორმაციითვე, როდის მოხდება ამ დასკვნის მომზადება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობა არის სახელმწიფო ბალანსზე. მოსახლეობას, რომელიც შიგნით იმყოფება, არ აქვს ბინები საკუთრებაში და ამ მისამართზე არიან სხვადასხვა დროს შეჭრილი. არ გააჩნიათ არანაირი ორდერი, არც ამხანაგობაა შესაბამისად, რომ დროთა განმავლობაში, რასაც ბიუჯეტი იძლეოდა საშუალებას, მომხდარიყო რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ამ შენობა-ნაგებობას აქვს გარკვეული სახის პრობლემები, თუმცა, რამდენად რენტაბელურია აღნიშნულ შენობაზე გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების წარმოება, დამოკიდებულია კონსტრუქტორის დასკვნაზე, როდის მომზადდება აღნიშნული დასკვნა, ამის თქმა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი", - აცხადებს ზურა ტაბაღუა.