“რუსთავქალაქობა 2019” დასრულდა

2019-09-22 22:27:01

"რუსთავქალაქობა 2019" ქართული მუსიკის კონცერტითა და რუსთავის საპატიო მოქალაქის დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიება რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში გაიმართა.

ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს რუსთავქალაქობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და ტრადიციულად, საპატიო რუსთაველი დააჯილდოვა. წელს საპატიო მოქალაქის ტიტული მხოლოდ 1 ადამიანს, 80 წლის ჯონი რუხაძეს ერგო.

ჯონი რუხაძე წლების განმავლობაში რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანაში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

"უდიდესი პატივია, ამხელა ქალაქში გამოარჩიეს ერთი პიროვნება და თავს ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ. უამრავი ადამიანია, ვინც იმსახურებს ამ წოდებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ყველას ვულოცავ რუსთავქალაქობას, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ ბედნიერებასა და გამარჯვებას", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში ჯონი რუხაძე.

საპატიო რუსთაველის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც რუსთავისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.

ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ, დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე მომღერლები ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე წარსდგნენ. კონცერტი ცენტრალური პარკის ამფითეატრში გაიმართა.