"ღამე გვეშინოდა არ გაწვიმებულიყო"

2019-09-23 18:51:50

რუსთავში, სახურავის გარეშე დარჩენილი ათეულობით ოჯახი დახმარების მოლოდინშია. ბათუმის ქუჩაზე და მაიაკოვსკის გამზირზე მდებარე 2 კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათთვის დახმარების გაწევა უმოკლეს ვადებშია საჭირო. "ღამე გვეშინოდა არ გაწვიმებულიყო" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლის სამუშაოები მიმდინარეობს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება კი უახლოეს მომავალში მოხდება.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსთავში უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად სახურავი გადაეხადა ბათუმის ქუჩასა და მაიაკოვსკის გამზირზე მდებარე 2 კორპუსს, აივანი ჩამოინგრა მეგობრობის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ქალაქის მასშტაბით ქარმა მოგლიჯა ათობით ხე და დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა.